უსახელო ისტორია: წერილი დედას. თავი მეხუთე

თავი მეხუთე: წერილი დედას

უკვე პოლონეთში ვიყავით. უახლოეს ქალაქამდე ალბათ რამდენიმე კილომეტრი იქნებოდა. ბევრი ვიარეთ. დაღლილობისგან ფეხები გვტკიოდა. მეგობარს დასვენება შევთავაზე. გზის პირას ჩამოვჯექით და ლაპარაკის თავი არ გვქონდა. გვშიოდა. სიგარეტი მოვწიეთ. ამან შიმშილის გრძნობა ოდნავ მომიკლა. ისევ გზა გავაგრძელეთ. დიდხანს მივდიოდით. ირგვლივ ყველაფერი სხვანაირი იყო. თითქოსდა ჰაერიც სხვანაირი იყო. ძალიან ციოდა. ორი საათი ისე ვიარეთ, რომ ხმა არ ამოგვიღია. მე ჩემთვის ვფიქრობდი, კოლია მისთვის. დედაზე ვდარდობდი. ძალიან ეწყინებოდა, როცა ჩვენს ძველის-ძველ მაცივარზე ჩემს მიერ დატოვებულ წერილს ნახავდა. საბრალო დედა. ბევრს იტირებდა ალბათ. ხასიათი გამიფუჭდა. უახლოესი ფოსტიდან მივწერ. -გავიფიქრე მე. – თანაც ავუხსნი ყველაფერს და დედაც გამიგებს. იქამდე კი დარდი მომკლავს მისი.

გათენებისას დასახლებულ პუნქტს მივუახლოვდით. ნათლად მოჩანდა თეთრ ნისლში გახვეული პატარა სოფელი. აღსანიშნავი არაფერი იყო, მაგრამ ჩვენ თვალს მაინც ეუცხოებოდა. კარგად ვაკვირდებოდი. თვალებით ფოსტის შენობას ვეძებდი. აქეთ-იქით ვათვალიერებდით ყველაფერს. არც ფოსტა იყო სადმე და არც სასადილო. სოფლის ბოლოში კი ძველი ავტობუსი იდგა. უზარმაზარი ძველი ავტობუსი, რომელშიც სამიოდე მგზავრი იყო. მიახლოებისთანავე ვიგრძენი რომ ექვსივე თვალი ჩვენ მოგვშტერებოდა. არ მგონია უცხო ხალხის მისვლა გაკვირვებოდათ. ალბათ მთელი ღამე სიარულისგან საშინელი სახეები გვქონდა და თანაც უჭმელები ვიყავით. ავტობუსში ასვლამდე კოლიამ მითხრა, რომ შეძლებისდაგვარად ნაკლებად გველაპარაკა. მე ისედაც ცუდ ხასიათზე ვიყავი. სიამოვნებით დავეთანხმე მეგობარს. ის ავტობუსში პირველი ავიდა და უხმოდ უკან სკამზე დაჯდა. მეც უკან მივყვებოდი. ვგრძნობდი დაღლილობისგან ფეხები დამსიებოდა. ჩამოვჯექი თუარა, შვება ვიგრძენი. კისერი მოეგრიხათ ჩვენზე ყურებაში. ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევდით. სკამის საზურგეზე მივეყრდენი. გარეთ გავიხედე. ფანჯრის მინაზე ხატვის მოყვარულ ვიღაც ადამიანს ნამდვილი შედევრი დაეხატა გრაფიტის სტილში. არც სკამის უკანა მხარეს ეკლო წარწერები. მოხუცი ქალბატონი, რომელიც წინა სკამზე იჯდა ადგილზე ვერ ისვენებდა. ხან აქეთ იყურებოდა, ხან იქით. ზოგჯერ მგზავრები ერთმანეთს რაღაცას გადაულაპარაკებდნენ ხოლმე. ვგრძნობდი ძილი მერეოდა. ზურგში მტეხდა და მაციებდა. არ მინდოდა ავად გახდომა. ბოლოს რომ ავად გავხდი დედა თავს მევლებოდა და სულ მსაყვედურობდა თავს არ უფრთხილდებიო. მაშინ თითქმის ერთი კვირა ვიავადმყოფე. შემდეგ თავი მეგობრის მხარს მივაყრდნე, რომელსაც უკვე ეძინა და ჩავფიქრდი. ამასობაში ავტობუსიც დაიძრა. ძვლივს მიღოღავდა. თვალების დახუჭვამდე საგზაო ნიშანი შევნიშნე, რომელიც გვატყობინებდა რომ ქალაქ პრჟემისლამდე 52 კილომეტრი იყო დარჩენილი. გავიფიქრე რომ ბევრი არ უნდა გვეძინა…

მხარში ძლიერი ხელის ჩავლება ვიგრძენი. თვალი გავახილე თუმცა არ მინდოდა. მძღოლი იყო. რაღაცას გვეუბნებოდა. მივხვდი, რომ უკვე ჩამოსვლის დრო იყო. ირგვლივ მიმოვიხედე. არავინ იყო. მძღოლის ხმამაღალ ლაპარაკზე კოლიამაც ჭყიტა თვალები. – მოვედით უკვე? – იკითხა მან. მძღოლმა გაიგონა მისი ნათქვამი და უკრაინულ ენაზე გადაირთო. სიმართლე გითხრათ არ გაგვკვირვებია. გასაკვირი კი მხოლოდ ის იყო რომ ოთხ დოლარს ითხოვდა. ახლა ჩვენთვის უკვე გასაგებ ენაზე ძნელი არ იყო პასუხის გაცემა. საუბარი დიდხანს არ გაგრძელებულა. მძღოლმა კულტურულ ფარგლებში მიგვახვედრა, რომ ჩვენ არ ვიყავით პირველები ვინც ასე უნახავს და წამოუყვანია. საჭიროების შემთხვევაში დახმარებაც კი გაუწევია გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ. მივხვდით, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. კოლიამ ოთხი დოლარი ჩაუთვალა და მადლობა უთხრა. მძღოლს სახე გაუნათდა და მიხვდა, ჩვენიდან შეეძლო სარგებელის მიღება. დახმარება შემოგვთავაზა. გვამცნო თუ სად შეიძლებოდა იაფად გვესადილა. ჩვენ ავტობუსიდან ჩამოვედით. -მატარებელზე სად შეიძლება დავჯდეთ? – ვკითხე მე.

– აქედან ძალიან ახლოსაა, სულ პირდაპირ იარეთ და მიაგნებთ. -იყო პასუხი.

გზა გავაგრძელეთ. მე შევთავაზე სადმე მსუბუქად გვესადილა. ის დამეთანხმა. რკინიგზის სადგურამდე არც თუ ისე დიდი მანძილი აღმოჩნდა. უამრავი ხალხი ტრიალებდა. იქაურობას ოხშივარი ასდიოდა. შენობას ეტყობოდა, რომ მეოცე საუკუნის სამოციან წლებში იყო აშენებული. შიგ შენობაში შესვლის შემდეგაც სურათი არ შეცვლილა. იგივე სუნი, ხმაური და ყაყანი. ერთი სიტყვით ჩვეულებრივი სადგური იყო. უამრავი მოვაჭრე თუ მგზავრი ირეოდა ერთმანეთში. იქვე იყიდებოდა ყველაფერი. იაფი სასადილოები, მაღაზიები და ათასი წვრილმანი. უახლოეს სასადილოში შევედით. სანამ რამეს შევუკვეთავდით ჯერ ფასი გავიგეთ და რადგან დავრწმუნდით, რომ შეგვეძლო, უფრო სწორად რომ ვთქვათ ჩვენს ბიუჯეტს შეეძლო ამის ატანა დავჯექით და წყნარად მივირთმევდით არც თუ ისე გემრიელ წვნიანს. დიდხანს ვატრიალებდი კოვზს ხელში.

– კიდევ თუ გინდა აიღე. – მითხრა კოლიამ. თვალებში შევხედე. ის მიხვდა, რომ მე საჭმელი კი არა სულ სხვა რამე მინდოდა. – წამო ფოსტაში წავიდეთ. – ვუთხარი მე. ის ადგა, ფული გადაიხადა და ფოსტისკენ გავეშურეთ. მთელი ჩვენი ფული კოლიას განკარგულებაში იყო. მე მას ვენდობოდი. ვგრძნობდი, რომ ისიც ნერვიულობდა. ჯერ მოფიქრებული არ გვქონდა როგორ უნდა ჩავმსხდარიყავით მატარებელში ისე, რომ ბილეთის ფული არ გადაგვეხადა და თან დიდი მანძილი გაგვევლო. მთავარი იყო ვარშავამდე ჩავსულიყავით და იქიდან მატარებლით პირდაპირ ბერლინში ჩავოდოდით. ვარშავამდე კი ალბათ რვაასამდე კილომეტრი იქნებოდა. ფოსტამდე ბევრი არ გვივლია. ახლოს იყო. სანამ წერილს დავწერდი ბევრი ვიფიქრე მის შინაარსზე. რა უნდა მიმეწერა დედისთვის? რას ელოდა ის ჩემსგან? ან როგორ უნდა ამეხსნა ეს ყველაფერი? სუფთა ქაღალდი ავიღე და ვერაფერი დავწერე. ძნელი იყო. გრძნობები მომერია და თავი ვერ შევიკავე. იმ დროისთვის უკვე კარგად გაანალიზებული მქონდა თუ როგორ მოვექეცი დედას.

ჩემს საქციელს ახსნა არ მოეძებნებოდა. გულის სიღრმეში კი ვიცოდი, რომ დედა გამიგებდა და მაპატიებდა. ბევრი წვალების შემდეგ დავწერე, კონვერტში გავახვიე და მარკა უნდა მიმეკრა. მიწებების დროს ისე დავასველე რომ გამეხა. მოუქნელი ხელები არ მემორჩილებოდნენ. ღიმილნარევი გამოხედვა შევამჩნიე. ქალი, რომელიც იქ მუშაობდა მიღიმოდა და ხელი გამომიწოდა. ხელში ახალი მარკა ჰქონდა. მე წერილი მივაწოდე და ვანიშნე თქვენ მიაწებეთ მეთქი. გამომართვა, დააწება და გვერდზე გადადო. მანიშნა თავისუფალი ხარო. ფოსტიდან გამოვედი. კოლიას წერილი გაეგზავნა და გარეთ მელოდებოდა. გულიდან ლოდი მომშორდა. სიმსუბუქე ვიგრძენი. ახლაც მახსოვს იმ წერილის შინაარსი:

ძვირფასო დედა!

არ ვიცი როგორ გავამართლო ჩემი საქციელი. მთავარი ალბათ ახლა ის არის რომ კარგად ვართ. მე და კოლია ვართ ერთად. ალბათ ეს უფრო დაგამშვიდებს. თუმცა რა დაგამშვიდებს არც გითხარი ისე წამოვედი. ხომ იცი, რომ ამაზე ვფიქრობდი უკვე დიდი ხანია. მას შემდეგ რაც ჩვენ ბიძაჩემთან ვიყავით და სამწუხაროდ ისევ დავბრუნდით. გერმანიაში მინდა ჩასვლა. ბიძაჩემთან მინდა გავიარო. შემდეგ წერილს იქიდან მოგწერ ალბათ. რათქმაუნდა ამას ბიძაჩემი არ მომიწონებს მაგრამ გული მაინც კეთილი აქვს. შევეცდები სამსახური ვიშოვო და მერე შენც თუ ჩამოხვალ ძალიან კარგი იქნება.

გთხოვ მაპატიე დედა! არ მინდა რომ ჩემზე გაბრაზდე ან ინერვიულო. უკვე დიდი ვარ და წინდების რეცხვა მეც შემიძლია. ვიცი, სახლში რომ ვიყავი საერთოდ არ გეხმარებოდი. ახლა მივხვდი ამას და რაც უფრო მნიშვნელოვანია მივხვდი, რომ არ გაფასებდი თურმე. შენ უფრო მეტის ღირსი ხარ. რა ვქნა? ასეთი გამაჩინე და ალბათ მამაჩემის რაღაც მაინც გამომყვა. დე, მაპატიე გთხოვ. აუცილებლად მოგწერ ერთი კვირის განმავლობაში. ძალიან მიყვარხარ და მენატრები.

პოლონეთი. პრჟემისლი.

შენი შვილი ანდრეი.

5 thoughts on “უსახელო ისტორია: წერილი დედას. თავი მეხუთე

  1. -მხოლოდ დედას შეუძლია ყველაფერის გაგება და პატიება.
    მჯერავს კარგი შვილი ხარ!-იმისიც მჯერავს,რომ ყველაფერი კარგად იქნება!-რასაც არ უნდა აკეთებდე,იფიქრე დედაზე…

    • ეს უბრალო მოთხრობაა და მეტი არაფერი. მაინც მადლობა.

  2. ამ მოთხრობის გაგრძელებაა მინდა😦 რამდენი ხნის წინ წავიკითხე, ეხლა გადავიკითხე და ისევ ისე დამაინტერესა, შტო ბუძეტ დალშე🙂

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s