უსახელო ამბავი: თავი მეოთხე

                                                         საზღვარს იქით

 ზუსტად აღარ მახსოვს რა დღე ან რა რიცხვი იყო როცა გადავწყვიტეთ მე და კოლიამ გამგზავრება. ჩვენი ქალაქიდან პოლონეთის საზღვარი არც თუ ისე შორს იყო, ასე რომ დიდი ხანი არ დაგვიწყია სჯა-ბაასი. ჩავალაგეთ რაც თუ რამე გვებადა და გავეშურეთ იქით, საითაც კარგი ცხოვრება და თავისუფლება გვეგულებოდა. ორი ზურგჩანთა და ორივეს ორმოცი ამერიკული დოლარი გვქონდა. მეტის დაგროვება ვერ შევძელით. მას პასპორტი ახალ აღებული ჰქონდა და ჯერ საზღვრებს გარეთაც არ გასულიყო. აშკარად ნერვიულობდა. მახსოვს, რაღაცნაირ გრძნობას და დაებნელებინა ჩემი გონება. თითქოს მთვრალი ვიყავი. მღელვარება თავს არ იჩენდა და ჩვენაც წყნარად ვიყავით, ყოველ შემთხვევაში როგორც შეგვეძლო. საზღვრამდე დღის ორი საათი იყო, როცა ავტობუსით მივედით. კარგი ამინდი იყო. თითქოს ჩვენ გვაცილებდა. საერთოდ იშვიათობაა ზამთარში კარგი ამინდები ჩვენთან და ეს კარგ ნიშნად მოგვეჩვენა. საზღვარზე მთავარი გასასვლელი პუნქტიდან და პოლიციელებისგან ორასი მეტრის მოშორებით სკამზე ჩამოვჯექით. იქიდან კარგად ჩანდა ყველაფერი რაც საზღვარს იქით ხდებოდა. ამ მონაკვეთზე უკრაინას და პოლონეთს შორის პატარა მდინარე ჩაედინებოდა. ორ ნაპირს ხიდი აერთიანებს და ზუსტად ამ ხიდის დასაწყისი იყო მთავარი გასაშვები პუნქტი. რიგი არ იყო, თუმცა ხალხიც არ აკლდა ამ ადგილს. აქეთ-იქით ნაპირებზე ყვითელი და არამარტო ყვითელი ტაქსების სიმრავლე მოგხვდებოდათ თვალში. რამდენიმე მაღაზია და ქუჩის მოვაჭრეების გარდა იქ არავინ იყო. რაღაც გარკვეული პერიოდი ვაკვირდებოდით პოლიციელებს. გვაინტერესებდა როდის ეცვლებოდნენ ერთმანეთს, რამდენი იყვნენ და აშ. შემდეგ გაჩნდა იდეა საზღვრის მდინარით გადაკვეთის შესახებ. თავდაპირველად აზრი მოგვეწონა. რამოდენიმეჯერ გავისეირნეთ აქეთ-იქით ვაკვირდებოდით სად შეიძლებოდა გადაგვეცურა, სად იყო უსაფრთხო ადგილი და რაც მთავარია როდის შეგვეძლებოდა ისე გადაგვეცურა, რომ არავის არ დაენახა. ასე, გამოსავალის ძებნაში დაღამდა. გადავწყვიტეთ პოლიციელებს საეჭვოდ რომ არ მოჩვენებოდათ ჩვენი იქ სეირნობა, ცოტა ხანი გავცლოდით იქაურობას და სადმე ღამე გაგვეთენებინა. ათი კილომეტრის რადიუსზე არცერთი სასტუმრო არ იყო. სასტუმრო კი არა საერთოდ არაფერი არ იყო. ნათელი იყო რომ ღია ცის ქვეშ უნდა დაგვეძინა. ხიდიდან დასავლეთით, რამდენიმე საათის სეირნობის შემდეგ აღმოვაჩინეთ ძველი შენობა, რომელსაც არც კარები ჰქონდა და არც ფანჯრები. მიტოვებულ საწყობს უფრო ჰგავდა. მოვძებნეთ როგორც იქნა ისეთი კუთხე სადაც ქარი არ ქროდა და მოვკალათდით. ცივი ღამე იყო. ტურებივით მშივრები ვიყავით. კოლიამ არაყი და ძეხვი ამოიღო. ჭიქები არ გვქონდა. შიმშილის გრძნობა რომ მოვიკალით ჭამას თავი ორივემ დავანებეთ, რადგან ორივემ ვიცოდით საჭმელი ბევრი არ იყო და ღმერთმა იცოდა იქ რამდენ ხანს მოგვიწევდა ყოფნა. მხოლოდ არყის ბოთლი არ ჩავაბრუნეთ ზურგჩანთაში. სმას ვაგრძელებდით, რადგან საშინლად ციოდა…

   დილით სიცივისგან ნახევრად გაყინულმა გავიღვიძე. კოლია უკვე ამდგარიყო. მე მელოდებოდა.

  -დიდი ხანია გაიღვიძე? -ვკითხე მე.

  -ათი წუთი არ იქნება. სახე მოგღრეცია. -მითხრა მან. მართლაც საშინლად მეძინა. ოდესმე თუ გძინებიათ ბეტონის იატაკზე, როცა გარეთ სამი ან ოთხი გრადუსია და თან ქარი უბერავს, მაშინ გაიგებთ როგორი სახე მქონდა იმ დილით. არაფრის აზრზე არ ვიყავით რა უნდა გვექნა. მოვდიოდით იდიოტებივით და ვისი ან რისი იმედი გვქონდა არ ვიცი. გულში საკუთარ თავს ვუწყრებოდი და ვერაფრით ვერ მომეფიქრა რა უნდა გვექნა საზღვარი რომ გადაგვეკვეთა. ერთი საათის შემდეგ იქ ვიყავით. ისევ სკამზე ჩამოვჯექით და დავიწყეთ თვალთვალი. ხალხი კი გადადიოდა და გადმოდიოდა. შუადღისას მოიღრუბლა და სადაც იყო გაწვიმდებოდა. ქოლგა გამოგვადგებოდა რომ გვქონოდა. ჩვენ ისევ იქ ვიყავით და ვერანაირ ხსნას ვერ ვხედავდით.

   -რას ელოდებით ბიჭებო? -გაისმა ნახევრად ჩურჩულით ზურგს უკან. ჩვენს უკან არც ისე მაღალი, გამხდარი, ახალგაზრდა იდგა. ჩვენი ხნისა იქნებოდა. ცალი თვალი ჩალურჯებული ჰქონდა და ეტყობოდა კარგად მოხვედროდა ვიღაცისგან. გატეხილი უკრაინულით ლაპარაკობდა. ჩვენიანი არ იყო.

   -შენ ვინ ხარ? – ვკითხე მე და კოლიას შევხედე.

   -მაგას რა აზრი აქვს? ა? -მიპასუხა და უფრო მოგვიახლოვდა. თან ეცდებოდა უფრო ხმადაბლა ელაპარაკა.

   -როგორ თუ რა აზრი აქვს? -ვეღარ მოითმინა კოლიამ. -მიდი რა გაიარე შენი თავი არა გვაქვს.

  -მე საზღვარზე გადაგიყვანთ ისე, რომ ვერავინ გაიგოს. -ჩურჩულით თქვა მან.

  -მერე და ვინ გითხრა რომ ჩვენ სადმე მივდივართ? – ვკითხე მე და სიგარეტს მოვუკიდე. მან ხელი გამომიშვირა და მანიშნა, რომ სიგარეტი უნდოდა. გვერდით მომიჯდა და მკითხა, -მე პროფესიონალი ვარ მაგ საქმეში. -ამაყად შემოგვხედა და სიგარეტის კვამლი ცხვირიდან გამოუშვა. ეტყობოდა რითი ირჩენდა თავს და სულაც აღარ გამკვირვებია “სინიაკი”. როგორც შემდეგ გაირკვა მას დანი ერქვა. ყოველ შემთხვევაში თავი ასე წარგვიდგინა. ყალბი პასპორტებისა და ქრთამების მეფეს უწოდებდა თავს. ბევრი ლაქლაქის შემდეგ გამოგვიცხადა მშიაო და წამოდით რამე შევჭამოთო. სასაზღვრო პუნქტის წინ, ტაქსების ახლოს, ძველ სასადილოში შეგვიპატიჟა. სამი კათხა ლუდი შეუკვეთა და რაღაც საჭმელი.

  -ესე იგი, როგორც მე გავიგე შეგიძლია ჩვენი გადაყვანა საზღვრის იქით ხომ?- ჰკითხა კოლიამ.

  -რათქმაუნდა. ოღონდ გარკვეული საფასურის მიღების შემთხვევაში. -გაიღიმა და ლუდი მოწრუპა. ისედაც ვიცოდით, რომ უფასოდ არ გაგვიკეთებდნენ ამ სიკეთეს, მაგრამ რაღაც მაინც საეჭვოდ მომეჩვენა. ასეთი ვიყავი. ვერ ვენდობოდი ადამიანს თუ დიდი ხნის გაცნობილი არ მყავდა.

   -რა დაგვიჯდება მაინც? -ვკითხე მე. კოლიამ შემომხედა, მერე დანს გადახედა.

   -ოცდაათი დოლარი. -თქვა მან. -ერთი კაცი.

მე სიცილი ვერ შევიკავე. -მერე და როგორ აპირებ ჩვენს გადაყვანას? -ჰკითხა კოლიამ, რომელსაც ჩემი სიცილი უდროოდ მოეჩვენა. მე თავი დავხარე.

   -აქედან აღმოსავლეთით, ორი კილომეტრის იქით არის ადგილი სადაც შეიძლება თავისუფლად გადაცურო მდინარე. არც ისეთი უსაშველო საქმე ეგაა თქვენ რომ გგონიათ. – გვითხრა მან და თან მიირთმევდა კერძს, რომელიც სავარაუდოდ ჩვენი გადასახდელი იყო. -საქმე იმაშია ფული თუ გაქვთ?

  -შენი აზრით ფული რომ არ გვქონოდა სადმე წასვლას დავაპირებდით?- ჩემს გასაკვირად უპასუხა მეგობარმა. მე პირზე ხელი ავიფარე. ის-ის იყო უნდა მეთქვა ფული არ გვაქვს მეთქი, მაგრამ რადგან კოლიამ დამასწრო მეც თავი დავიქნიე.

  -ძალიან კარგი. მაშინ ღამის თორმეტ საათზე მოდით იქ. აქედან აღმოსავლეთით, მდინარის გასწვრივ. მე იქ ვიქნები. -წამოდგა და წასვლა დააპირა. -კინაღამ დამავიწყდა, სადილის ფულს საფასურიდან დაგიქვითავთ. ეს თქვა და გაუჩინარდა. ჩვენ ერთმანეთს გადავხედეთ. გამოსავალი არ იყო. უნდა გადაგვეხედა და თან წასასვლელიც არსად გვქონდა. შუაღამემდე დრო იყო. დაცდა გადავწყვიტეთ. საინტერესო პიროვნება იყო დანი. შეიძლება ითქვას ზედმეტად თავდაჯერებული. ჩვენ რაღას საფრთხის მოახლოება ვიგრძენით. არ უნდა გვეთქვა, რომ გადაპარვას ვაპირებდით. ის ადგილი თუ არსებობდა, სადაც გადაპარვა შეიძლებოდა, მაშინ რატომ გვითხრა ამის შესახებ? მისვლას აზრი არ ჰქონდა. მითუმეტეს რომ თანხა არ გვქონდა საკმარისი და გადახდასაც არ ვაპირებდით. ვაი-ვაგლახით აგროვებული ფული ვიღაც რუმინელი ყალთაბანდისთვის როგორ მიგვეცა? ეს იყო ჩვენი ბოლო ოთხი თვის სიცოცხლის მთავარი აზრი. შევთანხმდით, რომ არ მივიდოდით, მაგრამ რა უნდა გვექნა თავში აზრადაც არ მოგვდიოდა. საღამოსკენ უკვე გამოვედით სასადილოდან. კოლიამ სიგარეტს მოუკიდა და თან აქეთ-იქით იხედებოდა. ვეჭვობდით, რომ დანი სადმე ახლომახლო უნდა ყოფილიყო. ჩვენდა გასაკვირად არსად ჩანდა. ისევ ავიარ-ჩავიარეთ რამდენიმეჯერ ხიდის წინ. არაფერი განსხვავებული, მხოლოდ ამჯერად გუშაგმა შეგვათვალიერა და კაი ხანს ჩვენ გვიყურებდა.

  -გახედე ერთი უკან! კიდევ ჩვენ გვიყურებს? – წამიჩურჩულა კოლიამ. ჩვენ სიარულს ვაგრძელებდით და მთელი ყურადღება უკან, გუშაგისკენ იყო მიმართული. უბრალო გაფიქრება იმისა რომ შეიძლებოდა ციხეში ამოგვეყო თავი საზღვრის გადაკვეთის უკანონო მცდელობისათვის ტანში ჯრუანტელს მგვრიდა. იმისათვის ვიწვალე ამდენი, რომ ციხეში ამომხდეს სული? რა საშინელებაა. უკან მივიხედე. საერთოდ არავინ არ გვიყურებდა. ოდნავ დავმშვიდდი. მეგობარსაც უკვე აღარ ჰქონდა დამფრთხალი სახე. ისევ სკამზე ჩამოვჯექით და ველოდებოდით.

   საღამოს ათი საათი იქნებოდა, რომ იმ ადგილისაკენ გავეშურეთ სადაც დანმა გვითხრა. ალბათ იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ გვქონდა და თანაც რამდენ ხანს უნდა გვეცადა. მალე პოლიციელები ჩვენს იქ ყოფნას საეჭვოდ მიიჩნევდნენ და ვარჩიეთ, რომ მივსულიყავით. ფულს დანი მოგვთხოვდა აუცილებლად, ოღონდ საზღვრის გადასვლის წინ თუ შემდეგ ეს არ ვიცოდით. მივდიოდით და ფეხს მივათრევდი. რა არ ვუთხარი კოლიას, როგორ არ ვეხვეწე. არ მისმენდა. სიმართლე გითხრათ მეშინოდა, მაგრამ რისი არ ვიცოდი. მეგობარმა სილაჩრეში დამადანაშაულა და მეც დამსახურებულად მივიჩნიე მისი სიტყვები ჩემს მიმართ. კოლია ასეთ სიტუაციებში უფრო გამოწრთობილი იყო და მას ჩემი არ ესწავლებოდა. მისმა სიმამაცემ მეც გამამხნევა. იმ ადგილის მიგნება არ გაგვჭირვებია. დანი იქ იყო და ვიღაც ორ მამაკაცს ელაპარაკებოდა. ჩვენს დანახვაზე იმ ორმა ლაპარაკი შეწყვიტა და სიბნელეში გაუჩინარდნენ.

  -ასე ადრე რატომ მოხვედით? იდიოტები ხართ? -ყვირილი დაიწყო დანმა. დამთავრებული არ ჰქონდა, რომ კოლიამ საყელოში ეცა და დარტყმა დაუპირა.

  -კარგი, კარგი. -გაისმა წყნარი ტონით. -არ დამარტყა. არ უნდა მეთქვა.

  -ჰო, არ უნდა გეთქვა და თან შენი საქმე არაა მე სად წავალ. გაიგე? -ახლა უკვე კოლია უყვიროდა დანს. მის სახეზე ბოროტი ღიმილი დავინახე და ეს ძალიან არ მომეწონა.

  -ფული მოიტანეთ? და ხელი გამიშვი თუ შეიძლება. -საყელოს ისწორებდა დანი.

  -სამოცი დოლარი არ გვაქვს. ცოტა უნდა დაგვიკლო.- ვუთხარი მე.

  -მაინც რამდენი? -ახლა მე მომიბრუნდა.

  -სულ ოცი გვაქვს. თუ გინდა მოგცემთ. მეტი რომ მქონოდა იქით წასვლას კი არ დავაპირებდი. -ვგრძნობდი რომ თანხმდებოდა. ლაპარაკში ეტყობოდა.

  -ზურგჩანთაში რა გაქვთ? -იკითხა მან.

  -ცოტა საჭმელი, ცოტა დასალევი და რაღაც რარაცეები. -უპასუხა კოლიამ.

   -ეგეც უნდა მომცეთ და ოცი დილარიც. ახლა შევთანხმდით? -მივხვდი  რომ კმაყოფილი იყო გარიგებით. მე თან გამიხარდა და თან გამიკვირდა ასე მალე რომ დათანხმდა. 

  -ახლა მხოლოდ ამას მოგცემთ და დანარჩენს რომ გადაგვიყვან მაშინ მიიღებ. -უთხრა კოლიამ და ჩანთა გაუწოდა.

  -საჭმელი მაინც დავიტოვოთ ცოტა. -ვუთხარი კოლიას. მან მანიშნა გაჩუმდიო.

  -ძალიან კარგი. -თქვა დანმა. -წადით ახლა და ზუსტად თორმეტზე მოდით.

ჩვენ გამოვბრუნდით. ვუსაყვედურე, რომ საჭმელი აღარ გვქონდა, მაგრამ მახარებდა გარიგების ამბავი. -საზღვრის გადასვლის შემდეგ რაღაცას გავაკეთებთ. – გავიფიქრე მე. ხუთასიოდე მეტრი არ გაგვევლო, როცა უკან ფეხის ხმა მოგვესმა. სიბნელეში ვერ გავარჩიეთ თუ ვინ იყვნენ, მაგრამ ყოველი შემთხვევისათვის ნაბიჯებს მოვუმატეთ. ჩვენს უკანაც მოუმატეს ნაბიჯებს. მივხვდით, რომ ჩვენ ვიღაც ორი მამაკაცი მოგვსდევდა. სავარაუდოდ დანის მეგობრები უნდა ყოფილიყვნენ. ჩვენი აჩქარებული ნაბიჯები კიდევ სამასი მეტრის შემდეგ უკვე სირბილად გადაიქცა. ისინიც მორბოდნენ. საფრთხე აშკარა იყო. ხიდამდე ჯერ კიდევ საკმაო მანძილი იყო.

 -შეჩერდით, ვერსად გაგვექცევით. -გაისმა უკნიდან. ამის გაგონებაზე ეჭვი აღარ იყო. ჩვენი დაყაჩაღება უნდოდათ. სირბილის ტემპს შიშისგან ერთიორად მოვუმატეთ. თან უკან ვიხედებოდი ხოლმე. მეშინოდა არ დაგვწეოდნენ. სიბნელეში ერთ-ერთის ხელში დანა დავინახე. შიში მაქსიმუმის ნიშნულს მიუახლოვდა. ხიდამდე ორასიოდე მეტრი იყო დარჩენილი. -მოიცათ, ხალხო, ჩვენც მოვდივართ, დაგველოდეთ! -ისეთი ყვირილი ავტეხე მე, რომ ყველა ჩვენ გვიყურებდა. -წამოდი, დავაგვიანებთ! ახლა კოლიას დავუწყე ყვირილი. მან მანიშნა, რომ აღარ მოგვდევდნენ. უკან მივიხედე. ჩვენამდე ას მეტრში იყვნენ და ჩვენსკენ მოემართებოდნენ. აღარ მორბოდნენ. მოდიოდნენ და ხელში დანაც აღარ ეჭირათ. ჩვენ სირბილი არ შეგვინელებია. მე არც კი დავფიქრებულვარ ისე მივვარდი ხიდს და გარბენა დავაპირე. შიშის გრძნობამ დათრგუნა ჩემში აზროვნება და საერთოდ დამავიწყდა, რომ ვიზა არ გვქონდა. ვიზას ვინ ჩივის? ოღონდ იმათგან გავქცეულიყავი და სულერთი იყო პოლიციელები რას მიზამდნენ. კოლია ჩემს უკან იყო. ნახევარი ხიდი გარბენილი გვქონდა, რომ წინ ავტომატიანი გუშაგი დავინახე. ხელებს იშვერდა ჩვენსკენ და ყვირილით მაჩვენებდა გაჩერდითო. მაშინ მივხვდი რაც ჩავიდინე. უკან გავიხედე. ის ორი ყაჩაღი ხიდის დასაწყისში იდგა და ჩვენ გვიყურებდა. შევამჩნიე, რომ ყბა-დაღებული მოგვჩერებოდნენ. ატყდა აურზაური.

  -რა ხდება მანდ? -გაისმა ზედა საგუშაგოდან ჯარისკაცის ხმა.

  -ჩვენ ვიზა გვაქვს და ძალიან გვეჩქარება. -ვუთხარი მე. საჩქაროდ პასპორტი ამოვიღე და ადრინდელი ვიზა ვაჩვენე ჩემს წინ მდგომ ჯარისკაცს.

  -რა არის ეს წესრიგი ვერ დაგიცვიათ? -ისმოდა ისევ ზევიდან. ეტყობოდა უფროსი იყო. საცოდავი ჯარისკაცი ჩემზე უარესად იყო დაბნეული და სიჩქარისგან მიაძახა ამათ ვიზები აქვთო.

  -მაშინ რაღას დგახარ მანდ? გაატერე და ჩემთან ამოდი. -გაისმა ზევიდან.

შევნიშნე რომ კოლიას პასპორტისათვის არც კი დაუხედავს წესიერად, ისე გაემართა ზედა საგუშაგოსკენ. ჩვენ თავისუფლები ვიყავით. ხიდი გავირბინეთ და ოდნავ ჩქარი ნაბიჯით მივდიოდით წინ. იმის გააზრებას თუ როგორ გავიარეთ საზღვარი დასჭირდა შემდეგი ერთი საათი. არ გვჯეროდა. სიბნელეში მარტონი რომ დავრჩით და დავრწმუნდით ჩვენს ირგვლივ არავინ იყო, ყიჟინა მოვრთეთ. სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ეს ბედის საჩუქარი იყო…

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s