უსახელო ისტორია: თავი მესამე

                        მესამე თავი

 

    სიღარიბე, ეს ერთ-ერთი გამოუცნობი ფენომენია. უკეთესად რომ ვთქვათ დაავადებაა, რომელსაც ვერცერთი წამალი და თერაპია ვერ კურნავს. მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესს აწუხებს და ვერაფერს აწყობენ მის წინააღმდეგ. სადღაც ამოვიკითხე, რომ ცხოვრებაში ყველა ადამიანს აქვს დაკისრებული რაღაც მისია და სანამ მისია შესასრულებელია სული აგრძელებს უხეშად რომ ვთქვათ ერთიდან მეორე სხეულში გადასახლებას. ჰოდა ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ მე არ დავიბადე სადმე კარიბის კუნძულებზე ვიღაც მდიდრის ოჯახში? ესე იგი, მეც, საბრალოს მაკისრია ალბათ რაღაც მისია და რაღაც მაქვს გასაკეთებელი, მაგრამ ვერ გამეგო რა უნდა ყოფილიყო. ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ მაინც ვერაფერს გავიგებდი და თავი დავანებე ამაზე ფიქრს. სიღარიბე კი თავს მახსენებდა ყველგან. ქუჩაში, სახლში, ავტობუსში თუ სკოლაში. იმის ნიშნები, რომ მე ღატაკი ვიყავი ყველგან იყო, უფრო სწორად რომ ვთქვათ ჩემს ირგვლივ იყო. ვიხსენებდი დედას რომ ვეხელი გერმანიაში მის ძმასთან. ქუჩებში იგრძნობოდა სხვანაირი ცხოვრება. სხვანაირი სუნი იყო. ბიძაჩემი ფრანკფურტთან ახლოს ერთ-ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობდა. განათებულმა ქუჩებმა უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ახლა რომ ვუფიქრდები მეცინება. ხალხიც თითქოს და უფრო ბედნიერი მეჩვენებოდა. გაღიმებულები და ჩაფიქრებულნი სულ სადღაც მიიჩქაროდნენ. მახსოვს, სანამ გავემგზავრებოდით დედამ ჩვენი ძველი სამოთახიანი ბინა გაყიდა ქალაქის ცენტრში. ვიზების ფული გადაიხადა და უკან დაბრუნებას არც ვაპირებდით, გვეგონა მოქალაქეობას მოგვცემდნენ. დედას წინდახედულობა რომ არა შეიძლებოდა უსახლკაროდაც კი დავრჩენილიყავით. მოუსვენრად იყო წასვლის წინ. ძალიან ნერვიულობდა და მაშინ გადაწყვიტა ახლანდელი ბინა ეყიდა გარეუბანში. რათქმაუნდა ამან საყიდლების და გართობის ის მცირე ფული შეიწირა, რომელსაც ტკბილ ფიქრებში იქ ვხარჯავდი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა საუკეთესო გამოსავალი იყო. საელჩოში რომ მივედით ორი დღე რიგში ვიდექით. მაშინ საზღვარგარეთ გამგზავრების ბუმი იყო. ათიდან ერთს თუ ჩაურტყამდნენ ვიზას, მაგრამ ხალხი მაინც აწყდებოდა. ორი დღე წვიმაში და ავდარში გარეთ დგომის შემდეგ, ავღნიშნავ რომ საელჩოში არც მაშინ და არც ახლა დასაჯდომი ადგილი არ იყო. უბრალო სკამი ან მოსაცდელი, რომ ადამიანს შეძლებოდა მშრალი ყოფილიყო თუნდაც რიგში დგომის დროს, როგორც იქნა მოვიდა ჩვენი რიგი და დაგვადგა საშველი. დედას ყველა იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ ბაბუჩემი გერმანიაში ცხოვრობდა და სიკვდილის წინ სახლში დაბრუნდა თან ჰქონდა. ბევრი იქექეს, ამოწმეს და ბოლოს გამოგვიცხადეს რომ ვიზას ათ სამუშაო დღეში მივიღებდით. დედას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. არასოდეს მენახა დედა ასეთი ბედნიერი. მასთან ერთად მეც მიხაროდა. ათი სამუშაო დღე ცამეტი დღის შემდეგ დადგა. მაშინ მიკვირდა, როგორ გავიდა ათი დღე ცამეტი დღის შემდეგ მეთქი. ცამეტი დღე ალბათ ცამეტი წელი იყო. აზრებში ჩვენ უკვე იქ ვიყავით და მოქალაქეობაც მიღებული გვქონდა. პასპორტის ძალა მაშინ ვიგრძენი. უბრალო წითელი ქაღალდის წიგნი, რომლითაც ყველა საზღვარი ღია იყო. შიგ პატარა ოთხკუთხედი ქაღალდი ეკრა და რაღაც ეწერა. ეს ოთხკუთხედი ქაღალდი ჩვენი სამოთახიანი ბინა იყო. თარიღიც ეწერა შიგ გარკვევით. ოცდაათი დღე. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მთელი ოცდაათი დღით მოვშორდებოდი აქაურობას და სხვა სამყაროში გავატარებდი. სამყაროში სადაც შანსი იმისა რომ ვიზიტის შემდეგ სულ იქ ვიქნებოდით საკმაოდ მაღალი იყო. ერთი სიტყვით ჩვენი ვიზიტი გერმანიაში ორმოციათას სამას ოცი წუთი გაგრძელდა. წამებში ჩემი ბედნიერება ბევრად მეტი იყო. პირველი შთაბეჭდილებები საოცარი იყო. ხასიათი ვერც ბიძაჩემის მეუღლის უხამსმა დახვედრამ და ვერც მისაღებ ოთახში ტახტზე ძილმა ვერ გამიფუჭა. მე ბედნიერი ვიყავი. იმ ღამით საერთოდ არ მიძინია. ცხოვრების სილამაზეზე და ახალ შთაბეჭდილებებზე ვფიქრობდი. თურმე ყოფილა დედამიწაზე ადგილი, სადაც შეიძლება ადამიანი ბედნიერი იყოს. სადაც ისეთმა პატარა ადამიანმა როგორც მე, იგრძნოს რა არის ცხოვრება. ღამით რამდენიმეჯერ ავდექი და ფანჯარაში გავიხედე, მაინტერესებდა სიზმარში ხომ არ ვიყავი. ალიონზე ჩამეძინა. ბიცოლაჩემის უკმაყოფილო ბუზღუნმა გამაღვიძა. ის ერთ-ერთი შეძლებული ფერმერის მესამე ქალიშვილი იყო. ბიძაჩემი ინსტიტუტში გაეცნო. ადრე სურათზე მყავდა ნანახი, რომელიც დაქორწინების შემდეგ გამოგვიგზავნეს. მაშინ ვერ გამეგო, როგორ შეიძლებოდა უკმაყოფილო ყოფილიყავი როცა გერმანიაში ცხოვრობდი. ჩვენს ქალაქში ხალხი იმით ტრაბახობდა, რომ საზღვარგარეთ ვიღაც ჰყავდა. ცოტა დაბნეული წამოვჯექი. მიხვდა გავაღვიძეო და ხმას ცოტათი დაუწია. ბიძაჩემს რაღაცას უყვიროდა გერმანულად. უკრაინულად ორიოდე სიტყვას ამბობდა. ისიც როცა ხვდებოდნენ მაშინ ისწავლა “მე შენ მიყვარხარ” და დაქორწინების შემდეგ, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე მერე ყველას ავიწყდებოდა. მითუმეტეს რომ არც ბიძაჩემი იყო უკრაინული ენის სპეციალისტი. მასაც უჭირდა ორი წინადადების გადაბმა და ხშირად უკრაინულს გამოურევდა ხოლმე. ისიც უსმენდა მის ყვირილს და მისი სახე საერთოდ არ გამოხატავდა არანაირ ემოციას. აშკარა იყო ოჯახში წინსაფარი უფრო ფასობდა ვიდრე შარვალი. მითუმეტეს რომ წინსაფარს უკან ორი დევივით ძმა და დიდ ულვაშებიანი მოხუცი ფერმერი ედგა. ბიძაჩემი შემეცოდა. თანავუგრძნობდი მას და ჩემთვის გაკვეთილად ავითვისე. მივხვდი, ასეთი ოჯახური ურთიერთობის მთელი სისაძაგლე. ჩემთვის ეს აღმოჩენა იყო. მე სადაც ვიზრდებოდი იქ მამაკაცი არასოდეს ყოფილა, ყოველ შემთხვევაში ჩემი დაბადების შემდეგ.

   დღეები გადიოდა და დედაჩემი თითქმის ყოველდღე უკმაყოფილო ბრუნდებოდა საელჩოდან, ქალაქის ადმინისტრაციიდან, მერიიდან და არქივებიდან. სიმართლე თანდათან თავს იჩენდა და მისთვის თვალის გასწორება ჩვენთვის სიკვდილის ტოლფასი იყო. არ გვჯეროდა და დაჯერებაც არ გვინდოდა. ხარჯებიც იზრდებოდა. ყველგან თითქმის ერთი და იგივე პასუხი იყო. კანონი შეიცვალა და ახლა მხოლოდ სასამართლო თუ გიშველითო. სასამართლო შეიძლებოდა გაგრძელებულიყო წლობით და ამდენის საშუალებას არც ჩვენი ბიუჯეტი მოგვცემდა და არც ოთხკუთხედი ქაღალდი, რომელიც პასპორტში ამაყად გამოეკრათ საელჩოს წარმომადგენლებს. საღამოობით მე და დედა ვსეირნობდით ხოლმე. ზამთარი იქ სხვანაირი იყო. თეთრი თოვლი მოსწავლის ბაფთასავით დაკვროდა ქალაქის უამრავ სახურავებს. ლამაზი ხიდები და შენობები აქაური არქიტექტორების პროფესიონალიზმზე მეტყველებდნენ. განათებული აბრები და მაღაზიები თავისკებ იხმობდნენ ყველა გამვლელს. პატარ-პატარა კაფეები ყავის და ლუდის სუნით ბუზებივით იხვევდა გარშემო შეყვარებულ წყვილებს. ქუჩის მხატვრების მიერ აღბეჭდილი ქალაქის პეიზაჟები გამოფენილი იყო. სადმე რომ არც წასულიყავი, მხოლოდ ამ ნახატებზე მიხვდებოდი რომ ქალაქი უდაოდ ლამაზი იყო. სეირნობა დიდ ხანს არ გრძელდებოდა თავიდან, რადგან გვეშინოდა არ დავკარგულიყავით და სახლის გზას ვიმახსოვრებდით ხოლმე. ან მხოლოდ ერთ ქუჩას ჩავუყვებოდით ხოლმე, რათა გზა ადვილად გვეპოვა. დედა მოწყენილი იყო, მაგრამ არ იმჩნევდა. ორივე ვცდილობდით კარგი ხასიათი შეგვენარჩუნებინა. ყოველ შემთხვევაში იმედი მაინც იყო. ფეხქვეშ ფილაქანს ვაკვირდებოდი. თვალში ჩემი ახალი ფეხსაცმელი მომხვდა, რომელიც დედამ ჩამოსვლისთანავე მიყიდა. ფეხსაცმელები მაინც დამრჩება სახსოვრად -გავიფიქრე მე. გამეღიმა. დედას გადავეხვიე და ვუთხარი რომ ძალიან მიყვარდა.

   -სკოლა ხომ არ მოგენატრა? – მკითხა მან. მე თავი გავაქნიე.

   -აქ მირჩევნია. სკოლა არ მინდა.-ვუპასუხე მე. -თანაც ვიმუშავებ და დაგეხმარები. გერმანული რომ არ ვიცი როგორ ვიმუშავებ მეთქი- გავიფიქრე. ველოდი რომ დედა ამ შეკითხვას დამისვამდა, მაგრამ დედამ იგრძნო რომ მე მის გასამხნევებლად ვთქვი და უბრალოდ გაიღიმა. სახლში დაბრუნების შემდეგ ორივემ მოვისმინეთ ბიძაჩემის გამამხნევებელი მონოლოგი გერმანიის რესპუბლიკის კანონებზე და სასამართლოში საქმის შეტანის უაზრობაზე. გერდას, ასე ერქვა ბიცოლაჩემს, უკვე მოესწრო და ჩაეტარებინა აღმზრდელობითი სამუშაოები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.

  -ვიზის დამთავრებამდე ვიქნებით და მერე წავალთ.-უთხრა დედამ მონოლოგის ბოლოს. ის გაშეშდა. არ ვიცი, ალბათ არ ელოდა, მაგრამ ძნელია სხვა რამე უპასუხო ადამიანს. თუნდაც ძმას, ასეთი საუბრის შემდეგ. დიდი ხნის გაუფუჭებელი ხასიათი საოცარი სისწრაფით შეიცვალა. ეს უკვე საბოლოო დარტყმა იყო. მორალურად განადგურებული ვიყავი. შემდგომ გასეირნებაზე ქალაქი სხვანაირი მეჩვენა. ალბათ ეს რეალობა იყო. რეალური და ობიექტური ხედვა. გაგონილი მქონდა, რომ ვიზის გადაცილების შემთხვევაში დეპორტაციას მიმართავდნენ და შემდგომში შეუძლებელი იქნებოდა ისევ დაბრუნება. მაგრამ თუ დაგვიჭერდნენ? ვიცოდი, დედას აქ გადმოსახლების იმედი ჰქონდა და ასეთ რისკზე არ წავიდოდა. ამიტომ ამის მეორეჯერ გაფიქრება არც კი მინდოდა. იქნებ ბედი გაგვღიმებოდა და კანონი ან მთავრობის კეთილგანწყობა შეცვლილიყო. თუმცა ამის ნაკლებად გვჯეროდა. უკან გამომგზავრების წინ ბოლოჯერ ვათვალიერებდი თვითმფრინავის ილუმინატორიდან თოვლიან სახურავებს, გადატვირთულ მაგისტრალს და მდინარეს, რომლის სახელწოდებაც არ მახსოვს. გამახსენდა ბიძაჩემი. საბრალო, სველი ლეკვივით იყო და ხმას ვერ იღებდა. ეკუთვნოდა კიდეც. ერთადერთ დას და დიშვილს მისი მეუღლე გარეთ გაგდებას უპირებდა და მას არაფრის გაკეთება არ შეეძლო. ის ბინა სიმამრის ნაყიდი იყო და სავარაუდოდ მასაც მომავალში ელოდა უსიამოვნებები თუ ჭკვიანად არ მოიქცეოდა.

   სალონში მთავარი პილოტის ხმა გაისმა. ჩვენ კიევისკენ ავიღეთ გეზი. ახლაც თვალწინ მიდგას აეროპორტის შენობა. გამცილებლები და ბიცოლაჩემის სახე. ეს უკანასკნელი არვიცი რატომ დამამახსოვრდა. სასიამოვნო და უცნაური გრძნობა დამეუფლა. მიხაროდა თუ არა ვერ გეტყვით, არ მახსოვს, მაგრამ გული მწყდებოდა რომ შეიძლებოდა პირველად და საბოლოოდ ვიყავი უკრაინის ფარგლებს მიღმა. სკამის საზურგე ოდნავ უკან გადავხარე და თვალები დავხუჭე.

  -როგორ არ იღონა არაფერი? -ვერ მოვითმინე მე.

  -აბა რა უნდა ექნა? -შემომხედა დედამ და თვალებით მსაყვედურობდა. ვიცოდი თუ როგორ უყვარდა მისი ძმა. ხელი ჩემსკენ გამოიშვირა. მივხვდი ფული იყო.

 -რამდენია? ბიძიამ მოგცა? -მაინტერესებდა მე.

 -რაც ჰქონდა სულ ყველაფერი მომცა. -მიხსნიდა დედა. -ვიცი არ შეეძლო ჩვენი იქ დატოვება, რადგან ვიზა გვიმთავრდებოდა და დარჩენას აზრიც არ ჰქონდა. ვიზის გაგრძელებას კი თავადაც იცი რამდენი ფული სჭირდება. გერდა საყიდლებზე იყო წასული მე და ბიძაშენმა ვილაპარაკეთ. შენ სეირნობდი. თვითონაც არ არის კარგ დღეში. ვალები ჰქონიათ. მითხრა ორი წელი მოიცადე და მე თვითონ გაგიკეთებთ საბუთებსო. -მის თვალებში დაძმური სიყვარული და იმედი წავიკითხე. მეტი არაფერი აღარ მიკითხავს. გამცილებელს დაუძახა და სასმელი შეუკვეთა. კიევის აეროპორტში დაშვებამდე დედა მთვრალი იყო. ჩვენ კი იქიდან კიდევ ექვსი საათი ავტობუსით უნდა გვემგზავრა სამხრეთ-დასავლეთისაკენ. ასე რომ “ვოიაჟი” დამთავრებული ჯერ არ იყო.

  სახლში დაბრუნებისთანავე ცხოვრება ჩვეულ რითმს დაუბრუნდა და ორი თვის შემდეგ მხოლოდ გასახსენებლად სასიამოვნო იყო. დედა სამსახურს დაუბრუნდა და ახლა უფრო მეტი ფეხით სიარული უწევდა, რადგან გარეუბანში ვცხოვრობდით. მეც სკოლაში დავდიოდი. პირველად თანაკლასელებს აინტერესებდათ თუ რა ვნახე ან სად ვიყავი. მეც მსიამოვნებდა, მაგრამ მალე ყველამ დაივიწყა. ერთი წლის შემდეგ კი იმ მოგონებასაც გაუცვდა ტყავი და ნახევრად დაგლეჯილი სველ ფეხებს რომ მიმოსავდა.

4 thoughts on “უსახელო ისტორია: თავი მესამე

  1. საერთოდ, ბიოგრაფიული ჟანრის იქეთ სხვა რამესაც წერ? არ გინდა მხატვრული: ნოველა, თხზულება ან რამე დაწერო?

  2. მომწონს, ნამდვილად.
    გადავდივარ შემდეგ თავზე (ასეთი კომენტარი მგონი უკვე დავტოვე, მარა მაინც :-D)

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s