უსახელო ამბავი: თავი პირველი

                                                          თავი პირველი

    ეს ისტორია, რომელსაც ახლა წაიკითხავთ ერთმა ჩემმა მეგობარმა მიამბო. მის ნამდვილ სახელს არ გეტყვით და მოდით მას პირობით ანდრეი დავარქვათ. ეს ამბავი მის ცხოვრებაში უმთავრესი და როგორც თვითონ მითხრა ერთადერთი იყო. ამის შემდეგ არაფერი აღარ მომხდარა…

    ქალაქში სადაც მე ვიზრდებოდი ნაცრისფერი და უბრალო იყო. სულ წვიმიანი ამინდები, ტალახიანი ქუჩები, ნისლი და თოვლი იყო. ჩვენს ქუჩაზე და საერთოდ ჩვენს ქალაქში, თითქმის ყველა სახლი ერთმანეთს ისე ჰგავდა, რომ ერთი კაცის აშენებული გეგონებოდათ. სოკოებივით ჩამწკვრივებულიყვნენ და სახურავებიც ერთნაირი ჰქონდათ. ქალაქის ცენტრში ერთი საცოდავი ბაზრობა იყო. ნახევრად შემოღობილი და სულ ტალახიანი. შაბათ-კვირას იმდენი ხალხი ხალხი მოიყრიდა აქ თავს, რომ სულ მიკვირდა ამდენი ადამიანი თუ ცხოვრობდა საერთოდ ჩვენს ქალაქში. ეს იყო ერთადერთი და ძირითადი შემოსავალი მოსახლეობისა თუ არ ჩავთვლით იმ “სახელგანთქმულ” ადამიანებს, რომლებიც ქურდობით იყვნენ დაკავებული. ამას არც მალავდნენ. ეს საბჭოთა გადმონაშთი და რამოდენიმე მუზეუმი დარჩა ჩვენ ქალაქს, რომელსაც არ შეეხო “რესტავრაცია”. მე ქალაქის ბოლოში ვცხოვრობდი, დედასთან ერთად. მამა არასდროს მინახავს. მიუტოვებია დედაჩემი ჩემს დაბადებამდე. დედაჩემი იშვიათად საუბრობდა მასზე და მეც რომ გავიზარდე აღარც ვეკითხებოდი მის შესახებ. სამოთახიან ბინაში ვცხოვრობდით მეორე სართულზე. სახლში ჩვენს გარდა არავინ ცხოვრობდა, ასე რომ ბავშვობიდანვე მქონდა ადგილი სადაც ჩავიკეტებოდი ხოლმე. ჩემი ოთახი ჩემი ციხე-სიმაგრე იყო. დედაჩემი თითქმის არასოდეს იხედებოდა ხოლმე ჩემს ოთახში და მეც არ ვიყავი მიჩვეული წესრიგს. აურზაური ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ყოველ შემთხვევაში სანამ სკოლაში ვსწავლობდი. დედაჩემი ბევრს მუშაობდა და თითქმის მთელი დღეები სახლში არ იყო. ყოველთვის ვაფასებდი იმას რომ ჩემს გამო ამდენს მუშაობდა. სამაგიეროდ ფულის ფასი არ ვიცოდი. არ ვიცოდი მანამ სანამ არ მოვიდა ჩემს ცხოვრებაში პერიოდი, რომლის მოყოლასაც ახლა ვაპირებ.  

    მეცხრე კლასში ვიყავი. მეგობრები ბევრი მყავდა, მაგრამ ნამდვილი მხოლოდ ერთი, ნიკოლაი. ბავშვობიდანვე ერთად ვიზრდებოდით. კოლია და მე, ასე ვეძახდი, სულ ერთად ვიყავით, ყველაფერს ერთად ვაკეთებდით და ერთად ვაშავებდით. ისიც ჩემსავით უმამოდ იზრდებოდა. დედამისი და დედაჩემი მეგობრობდნენ. კოლია ჩემზე ოდნავ მაღალი და ჩემსავით გამხდარი იყო. ქერა თმებით და მოგრძო ცხვირით. საკლასო ოთახშიც ერთად ვიჯექით მერხთან. ჩვენი საერთო მეგობრები ძირითადად ქუჩაში “მოღვაწეობდნენ”. მთელი დღე “ბირჟაზე”, ალკოჰოლი და რათქმაუნდა გოგონები. ალკოჰოლი და ბირჟა ჩვენც არ გვაკლდა, მაგრამ გოგონებთან საქმე სულ სხვანაირად იყო. -ჯერ პატარები ხართო.- ასე გვეუბნებოდნენ.

   1994 წლის ნოემბრის წვიმიანი დღე იდგა. თოვლი საკმაოდ იყო, მაგრამ იმ წელს ყველას გასაკვირად საკმაოდ თბილი ზამთარი იდგა. მე და კოლიამ გადავწყვიტეთ სკოლის შემდეგ “ბირჟაზე” გაგვევლო. ტალახიან ტროტუარზე მივაბიჯებდით. ვგრძნობდი როგორ იწვევდა სისველე ზევით და ზევით. ჩემი ფეხსაცმელები კარგი ხნის იყო და ვეღარ უზრუნველყოფდნენ მის ფუნქციებს. თუმცა არც კოლიას ადგა ჩემზე უკეთესი დღე. ჩემი ქურთუკი ისეთი გაცვეთილი იყო, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. გამოსავალი არ იყო. შეგუებული ვიყავი. -წამო, აქეთ გადავუხვიოთ. -მითხრა კოლიამ და პასუხს არც დაელოდა ისე შეუხვია ვიწრო ქუცაზე, რომლის ბოლოში სამი ჩვენთვის კარგად ნაცნობი სახე იყინებოდა. რომ მივუახლოვდით შევამჩნიე, კაი “ნაყლაპში” იყვნენ და სიცივე ჩვენსგან განსხვავებით არ აწუხებდათ. მათი უფროსი გასუქებული საშა იყო. არანაირ საქმეს არ თაკილობდა ოღონდ ფული გადაგეხადა. ამჯერადაც, როგორც ყოველთვის კოლიამ ჩემზე ადრე გაიგო ეს და ეტყობოდა რომ რაღაცისთვის იყო მოსული. ეს ჩემთვის არ უთქვამს. -აბა მომეცი. -გადაულაპარაკა მან საშას.

    -აგერ ფული. -გამოსცრა მან კბილებს შორის. კოლიამ მიაწოდა რაღაც შავ პლასტიკურ პაკეტში. მან გამოართვა და ჯიბეში ჩაიდო. -წავედით, მითხრა მე და თვალებით მანიშნა მერე აგიხსნიო. გამოვბრუნდით და ისევ ჭუჭყიან ტროტუარს დავადექით. ხმის ამოუღებლად მივდიოდით. ვგრძნობდი, რომ რაღაცაში გაჰყო თავი. ბავშვობიდანვე პრობლემებში ერთად ვიყავით და ახლაც რაღაც ასეთი ხდებოდა. მას არაფერი არ უთქვამს. არც მე ვეკითხებოდი არაფერს. მივდიოდით. გავიარეთ ბაზრობა. უამრავი ხალხი ირეოდა. მანქანების ძრავის ხმა, ხალხის ყაყანი, ყველაფერი ერთმანეთში ისე იყო გადახლართული, რომ ამის გარეშე ვერც კი წარმომედგინა ჩემი ქალაქი. სახლამდე არცერთს არაფერი გვითქვამს. როგორც კი მივედი, მაშინვე ფეხსაცმელები გავიხადე და გათბობა ჩავრთე. წინდები ფეხზე მიყინული მქონდა. სითბო მესიამოვნა. კოლიასაც შევთავაზე. შემდეგ სამზარეულოდან არაყი გამოვიტანე და ჭიქებში დავასხი. კოლიამ უხმოდ გადაკრა. მეც დავლიე და სავარძელში მოვკალათდი. -ისეთი რამე არაა შენ რომ გგონია. უბრალოდ, მარიხუანა იაფად ჰქონდა და ვიფიქრე, რომ გავყიდი მეთქი. მითხრა მან და თავი დახარა. მე არაფერს არ ვფიქრობდი. გაკვირვებული ვიყავი, თუ რაოდენ განსხვავებული რამეა ცხოვრება. ისეთი ადამიანი, როგორიც კოლია იყო უსახსრობის გამო უნდა წასულიყო ისეთ რამეზე, რასაც ჩვეულებრივ ვითარებაში არც კი გაეკარებოდა, მაგრამ ჩვეულებრივი ვითარებებიც სავალალო იყო ჩვენთვის. ახალგაზრდები ვიყავით და გვეგონა, რომ ცხოვრებას ფული ატრიალებდა, თუმცა ახლაც იმდენი ამბების შემდეგ, მაინც ნაწილობრივ ასე მგონია. გოგონებს არ ვაინტერესებდით უფულოდ. არც ტანსაცმელი გვქონდა ხეირიანი. მოკლედ, ეს იყო ჩვენი რეალობა. ფანჯარასთან მივედი. გარეთ ისევ წვიმდა. ორი ფეხით მოსიარულე შევნიშნე ქუჩაში. სადღაც მიიჩქაროდნენ. ერთი თითქმის გარბოდა. მეორეს ეტყობოდა სიცივისგან ფეხები ჰქონდა გაყინული. ეს კარგად ნაცნობი გრძნობა იყო, რომელიც ჩემს ფეხებს კარგად ჰქონდათ გამოცდილი. ჟრუანტელმა დამიარა მთელს ტანში. ფეხები უკვე გამთბარი მქონდა. საუბარს არ მინდოდა რომ დავბრუნებულიყავი და არ ვიცოდი რა მექნა. -სულ ათი დოლარი მივეცი. დაიწყო ისევ კოლიამ. – მინიმუმ ოცად მაინც გავყიდი. ოლეგი რომაა, იმან მთხოვა.

   -“ბმვ”-თი რომ დადის იმან? ვკითხე მე. მან დამიდასტურა. ჰო, მაგას ფული არ აკლია. მერე ნამდვილად გადაიხდის? 

   -აბა რას იზამს. ორი დღეა ვერ მოვიშორე. -მერე თვითონ ვერ იშოვა? -გავიკვირვე მე. მაგას რომ უნდოდეს კი ნახავს.

   -თვითონ არ უნდა რომ გამოჩნდეს. გაიგე? -მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. თუმცა მაინც ვერ გავიგე. იმ დროს ათი დოლარი ძალიან კარგი ფული იყო. მაგალითისთვის, დედაჩემის ხელფასი მაგის ნახევარი თუ იქნებოდა, მაგრამ ჩემი აზრით მაინც არ ღირდა მაგის გულისთვის ნარკოტიკებით ვაჭრობა. კოლია ადგა და წასვლა დააპირა. მითხრა, რომ ოლეგს მიუტანდა და ისევ დაბრუნდებოდა. ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ დაბრუნდა და კარგი ამბის ნიშნად ჯიბიდან ოც დოლარიანი კუპიურა ამოიღო. -ამით ჩვენ გერმანიაში წავალთ. დასაწყისისთვის ძალაინ კარგია. მითხრა მან და სავარძელში მოკალათდა. მაშინ ეს იდეა უაზროდ მეჩვენა. ვერც კი წარმომედგინა თუ ოც დოლარად გერმანიაში შეიძლებოდა ჩასვლა. ამ აზრმა გამიარა მაშინ თავში და იმის შემდეგ ამაზე აღარც მიფიქრია.

   მეორე დღეს ჩვეულებრივად წავედი სკოლაში. გაკვეთილებმა ისე ჩაიარა ვერც კი გავიგე. საერთოდ არაფერზე არ ვფიქრობდი. არაფერი არ მაინტერესებდა. ხან ფანჯარაში ვიყურებოდი ხან რაღაცას ვწერდი ფურცელზე. ალბათ ყველა თქვენთაგანს გიწერიათ გაკვეთილებზე რაღაც სისულელეები, რომლებიც სრულიად უმნიშვნელო. დროის მოკვლის მიზნით. ჰოდა, მეც ასე გავატარე ის ხუთი გაკვეთილი. ერთადერთი გეოგრაფიის გაკვეთილზე მეტნაკლებად ვუსმენდი. სკოლიდან პირდაპირ სახლისკენ გავემართე. დედას სადილი გაემზადებინა. ვისადილე. უსაქმურობისგან და უაზრო მოწყენილობის ან არ ვიცოდი რა მექნა. ტელევიზორის ჩართვა დავაპირე, მაგრამ გამახსენდა, რომ ელექტროენერგია გადაუხდელობის გამო ჩაჭრილი გვქონდა. ეზოში ჩავედი. იქ თავმოყრის ადგილას მთელი სადარბაზოს ახალგაზრდობა იყო. ჩემი მისვლა არც შეუმჩნევიათ საუბარში ორი გოგო და ერთი ყმაწვილი მონაწილეობდნენ. დანარჩენები მათ უსმენდნენ და ხანდახან თავის აზრს თუ გამოთქვამდნენ ხოლმე. საუბარი მოიცავდა სექს, ნარკოტიკებს, ღამის კლუბებს და რათქმაუნდა ეს ყველაფერი წარმოითქმებოდა საოცარი მჭერმეტყველებით და გინებით. ხუთი წუთის საუბრიდან იმდენი რამე გავიგე, რომ მე ალბათ ათი წელი დამჭირდებოდა იმ ინფორმაციის მოსაპოვებლად. დიდხანს არ გავჩერებულვარ. გზა გავაგრძელე. ჩემს მოსაწყენ ცხოვრებაზე ვფიქრობდი. გოგონებზე და ღამის კლუბებზე, გამვლელებზე და გამომვლელებზე, პოლიტიკაზე, თუმცა ეს ბოლო საერთოდ არ მანაღვლებდა, კოლიაზე, სკოლაზე ვფიქრობდი. ვერც კი შევამჩნიე ისე აღმოვჩნდი ქალაქის ცენტრალურ პარკში. იქვე სკამზე ჩამოვჯექი. შევამჩნიე, რომ რატომღაც გოგონებზე ფიქრი უფრო მომწონდა ბოლო დროს. მათთან ურთიერთობაში ვერაფრით დავიკვეხნიდი. გასახსენებელი არც არაფერი მქონდა, მაგრამ ვერც ვერავინ დამიშლიდა მათზე ფიქრს. ჩემი კლასელი გოგონა, რომლის მიმართაც ბავშვობიდანვე დიდი ინტერესი მქონდა, იყო ჩემი ფანტაზიის მთავარი მუზა და სამწუხაროდ მხოლოდ და მხოლოდ ფანტაზია იყო. გრძელი და ქერა თმების პატრონს იმდენად უხდებოდა მაშინდელი სკოლის ფორმა, რომ თვალს ვერ მოაშორებდით. ცისფერი თვალები რომ შემხედავდნენ, სახეზე წითელი ფერი გადამირბენდა ხოლმე. გამბედაობით მე არ გამოვირჩეოდი, არც ჩაცმულობით. ასე რომ ფიასკო გარანტირებული მქონდა. ამიტომაც არაფერს ვეუბნებოდი ჩემს სათაყვანო სვეტას და დარწმუნებული ვიყავი რომ ისიც ვერაფერს ხვდებოდა.

   დიდი დრო არ იყო გასული, რომ კოლიამაც მიხვდა თუ რა საფრთხე ემუქრებოდა მას, ასე თუ გააგრძელებდა ძვირადღირებული ფხვნილის გავრცელებას. თავი დაანება და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა. თუ შეიძლებოდა ჩვენ ყოფაზე ნორმალური ეთქვა ადამიანს. ასე მიედინებოდა ჩვენი ცხოვრება, ნაცრისფრად და ერთფეროვნად…

   ჩვიდმეტი წლის ვიყავი როცა სამხედრო კომისარიატიდან პირველად ჯარში გაწვევის ბარათი მივიღე. სკოლა უკვე მიტოვებული მქონდა, ამიტომაც ან ჯარში უნდა წავსულიყავი ან კიდევ უნივერსიტეტში. უმაღლესში რომ მესწავლა ფული არ მქონდა. ჯარში წასვლა კი საერთოდ არ მინდოდა, ამიტომ პირველ გაწვევას იგნორირება გავუკეთე და ვითომ საერთოდ არ მიმიღია. მეორე გაწვევამაც დიდი ხანი არ დააყოვნა. ეს უკვე საგანგაშო იყო, ასე რომ რაღაც უნდა მეღონა. საგონებელში ჩავვარდი. კოლიასაც არ ადგა ჩემზე უკეთესი დღე. იმას უკვე მესამეც მისვლოდა და სადაც იყო სამხედრო პოლიცია დაუწყებდა ძებნას და ადრე თუ გვიან ჯარში მაინც წაიყვანდნენ.

   სამშაბათის წვიმიანი დილა იყო, როცა ჩემს ფანჯარასთან ყვირილი გაისმა. მეგობრის ხმა ვიცანი. ჯერ კიდევ საწოლში ვნებივრობდი და ცოტა დამეზარა ადგომა, ამიტომაც საწოლიდანვე დავუძახე ამოდი მეთქი. კარები რომ შემოაღო ჩემს საძინებელში. ეტყობოდა კიბეებზე სირბილით ამოსულიყო. მძიმედ სუნთქავდა. წვიმას დაესველებინა მისი ისედაც გაძვალტყავებული ქურთუკი. თავზე თმა აწეწოდა და თვალებს აბრიალებდა. მისაყვედურა რადგან ერთს არ შემოივლი და გვიანობამდე გძინავსო. დამფრთხალი იყო. კომისარიატიდან გაწვევის ნაცვლად მუქარა მოსულიყო. წუწუნებდა. ჯარში რა ვაკეთოო? ისედაც გაჭირვებულს კიდევ ეს მინდოდაო და ამისთანები. მე რჩევას ვერ ვაძლევდი. ჩემს თავზე ვერ მეშველა. ერთადერთი რაც თავში მოგვდიოდა ორივეს. ეს გაქცევა იყო. გაქცევა, მაგრამ სად? წასასვლელი არსად გვქონდა. დიდხანს ვიჯექით ხმაამოუღებლად. მერე ისევ მან დაარღვია სიჩუმე და გერმანიაში წასვლა შემომთავაზა. ეს უკვე მეორე შემოთავაზება იყო. იდეა ცუდი არ გვეჩვენებოდა, მაგრამ ჯიბეში ნახვრეტების გარდა არაფერი მეგულებოდა, ასე რომ გერმანია მაშინ ვარსკვლავებზე შორს იყო. გადავწყვიტეთ ფული შეგვეგროვებინა და ჯერ პასპორტი გაგვეკეთებინა კოლიასთვის. -ადექი დროზე, ვიცი რაც უნდა ვქნათ. -მითხრა კოლიამ. მეზარებოდა, მაგრამ მის სახეს რომ შევხედე გადავწყვიტე არაფერი მეთქვა. ხმაამოუღებლად ავდექი საწოლიდან და შარვალი ჩავიცვი. სამზარეულოში შევიხედე. ვიცოდი საჭმელი არაფერი იყო მაგრამ მაინც. საოცრება არ მოხდა, რაოდენ დასანანიც არ უნდა იყოს. ორი ნაჭერი შავი პურის გარდა არაფერი იყო. ერთ-ერთმა მათგანმა ჩემს კუჭში ამოჰყო თავი. ამან ვერ დააოკა ჩემი შიმშილიs გრძნობა, თანაც არ მინდოდა ჩემი მეგობრის გააფთრება მენახა. ჩუმად შევიკარი ქურთუკი, დავიხურე ქუდი და ორივე გარეთ გავედით. გასაღები ორჯერ გადავატრიალე, ჯიბეში ჩავიდე და კოლიამ შემატყობინა რომ მდინარისკენ მივდიოდით. გარეთ გავედით თუ არა შევნიშნე, ძალიან სიცივე იყო. თუმცა აღსანიშნავი აქ არაფერი იყო. ჩვეულებრივი ამბავი. ოღონდ ამას ჩვენ ძალიან განვიცდიდით. განსაკუთრებით ჩვენი ფეხები განიცდიდნენ. მდინარე ქალაქის მეორე ბოლოში იყო. ტყის განაპირას, სადაც ადრე რძის ქარხანა იყო. მივხვდი რაც უნდა გვეკეთებინა. ორი საათის შემდეგ მივადექით ქარხანას, უფრო სწორად რაც მისგან დარჩა. ჯართი, ეს იყო ერთადერთი საშუალება ჩვენი მიზნის მისაღწევად. -ჩაქუჩი მაინც წამოგვეღო.- ვუთხარი მე. მან ნიშნისმოგებით გამომხედა და ქამრიდან ჩაქუჩი ამოაძრო. შევუდექით საქმეს. საღამომდე ცოტაოდენი ჯართი შევაგროვეთ. ძველი რკინის და თუნუქის მილები, ქვაბები, ალუმინის ჩაიდანი და ჟანგიანი უზარმაზარი ავზი, რომელსაც რამოდენიმე ნახვრეტი ჰქონდა. კოლიამ მითხრა რომ მანქნის მოსაყვანად წავიდოდა. მე იქ დავრჩი. ვყარაულობდი ჩვენს განძს. შიმშილის გრძნობის დონემ, საერთოდ გრძნობის აღქმის დონეს გადააჭარბა. არ ვიცი სწორია თუ არა ასე რომ ვამბობ, მაგრამ იმ წუთს მხოლოდ შიმშილს ვგრძნობდი. ცხელ წვნიანზე ვფიქრობდი როცა ძველისძველი “გაზ 51” მოადგა ქარხანას. კოლიას თავი ვიცანი.

   ერთი საათის შემდეგ ცხელ წვნიანს მივირთმენდით და ლუდს შევექცეოდით. ჩვენი შრომა ას ოცდაათ გრივნად შეფასდა. აქედან ოცი მძღოლმა წაიღო. წვნიანის ბოლო კოვზი რომ შევჭამე მივხვდი, სხეული გამთბარიყო. ხასიათზე მოვედი. კოლია გაუჩერებლად ლაპარაკობდა. ეს თანხა კოლიას პასპორტზე გვეყოფოდა, თუ ბევრს არ დავხარჯავდით ლუდზე. ამიტომ მეორე კათხა აღარ შეგვიკვეთია. სიგარეტი ძალიან სასიამოვნო მომეჩვენა მაშინ. გვიანი იყო როცა სახლებისკენ გავეშურეთ. -ხვალ შევხვდებით მომაძახა მეგობარმა და ბნელი ქუჩისკენ გადაუხვია, რომლის ბოლოსაც ის ცხოვრობდა. სახლში რომ მივედი დედას ეძინა. ჩუმად შევიპარე საძინებელში და ლოგინში ჩავხტი. ახალშობილივით მეძინა იმ ღამეს. რა საოცარი რამეა, როცა კარგ ამბავს გაიგებ ან გადაგხდება თავს. იცი, რომ ხვალ კარგი რამე მოხდება. იმედი გიჩნდება და თავს ადამიანად გრძნობ. თითქოს უფრო ძლიერი და ყოვლისშემძლე ხარ. ზუსტად ასეთი გრძნობით ჩამეძინა.

   დილით დედის ხმაურმა გამაღვიძა. მივხვდი, რომ სამსახურში წასვლის წინ სადილს მიმზადებდა. მე ავდექი. სამზარეულოში გავედი და დედას მივესალმე. მკითხა გუშინ სად იყავიო. მეც ვუთხარი. ჩვენი გეგმაც გავანდე. მაინტერესებდა რას იტყოდა. რათქმაუნდა არ მოეწონა. მისაყვედურა კიდეც, მარტოს ხომ არ დამტოვებო. სევდამ მომაწვა. ფანჯარაში ვიყურებოდი, მაგრამ მინის მიღმა ვერაფერს ვხედავდი… მანქნის საყვირმა გამომაფხიზლა. დედა უკვე წასულიყო. ვისაუზმე. ჩავიცვი და კოლიასკენ გავეშურე. ის მზად დამხვდა. -აბა წავედით, -მითხრა მან. საპასპორტოს რომ მივადექით კოლიას ვკითხე დარწმუნებული ხარ მეთქი. მან თავი გააქნია, აბა მე რავიციო. მეც რაღაც ვერ ვიყავი კალაპოტში, რადგან ჯერ კიდევ პატარები ვიყავით ალბათ. თითქოს გული მიგრძნობდაო, როცა შენობაში შევედით კედელზე გამოკრულმა განცხადებებმა მიიქცია ჩვენი ყურადღება. კოლია კითხულობდა. მე აქეთ-იქით ვიცქირებოდი. სულ ორიოდე შუა ხნის ქალბატონი იყო მთელ შენობაში. ჩვენ ყურადღებასაც არ გვაქცევდნენ. ბათქაშ ჩამოყრილი კედლები საშინლად გამოიყურებოდნენ. მარჯვენა კუთხეში კაბინეტი იყო. კარში დიდი ღრიჭოს მიღმა ყველაფერს დაინახავდით. ეტყობოდა უფროსის კაბინეტი იყო.

   -რამდენი წლის ვარ? -მკითხა კოლიამ.

   -ვითომ არ იცი? -ვუპასუხე მე.

   -ჰოდა თუ იცი, მაშინ რაღას მოვეთრეოდით აქ? -გაბრაზდა მეგობარი. ჩემდა გასაკვირად პასპორტებს მხოლოდ სრულწლოვანებს აძლევდნენ. რა სულელი ვიყავი მხოლოდ ახლა მივხვდი. კოლიას ათი დღე ეკლო დაბადების დღემდე. -წავედით აქედან. -მითხრა მან და თავზე წამომარტყა. გარეთ გავედით თუ არა, დავუბრუნდით რეალობას.

   -არა უშავს. -ვუთხარი მე. -გავა ათი დღე და გახდები თვრამეტი წლის.

   -იქამდე კი ფული დავაგროვოთ. -მან თავი დამიქნია.

   -ახლა მაინც ვერ წავიდოდით. -გასამხნევებლად წარმოთქვა მან. -წასვლის ფული მაინც არ გვაქვს.

   მე ორიოდე წლის წინ დედაჩემთან ერთად ვიყავი გერმანიაში. დედაჩემს იქ ძმა ჰყავდა. გერმანიის მოქალაქეობის მიღების იმედი ჰქონდა იმის საფუძველზე, რომ მამამისი ანუ ბაბუაჩემი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დარჩა იქ და ცამეტი წელი ეცხოვრა და დაქორწინებულიყო. დედაც იქ დაბადებულიყო. ამის დამადასტურებელი უამრავი საბუთი არსებობდა. დედა ხშირად მაჩვენებდა ბავშვობის სურათებს და მიყვებოდა იქაურ ამბებს. სკოლის პერიოდს და უამრავ დასამახსოვრებელ ამბებს. ბებიის გარდაცვალების შემდეგ დედა უკრაინაში დაბრუნდა. მისი ძმა კი იქ დარჩა. ბაბუა, იქამდე ორი წლით ადრე გარდაცვლილიყო. სიდუხჭირის და გაჭირვების გამო დედა ბევრს ეცადა დაბრუნებულიყო. ორჯერ ოფიციალური მიმართვა ჰქონდა გაგზავნილი და ორივეჯერ უარი მიიღო. მესამეჯერ აღარ გზავნიდა მოთხოვნას, სიმამაცე არ ჰყოფნიდა, რადგან მესამე საბოლოო უარს ვერ გადაიტანდა. მე ამას ვხვდებოდი, მაგრამ აბა მე რისი მაქნისი ვიყავი?

2 thoughts on “უსახელო ამბავი: თავი პირველი

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s