საახალწლო მოლოდინი

თოვს… 31 დეკემბერია… მოხუცი ცოლ–ქმარი ახალი წლისათვის ემზადება. გაუშლიათ საახალწლო სუფრა, ნაძვის ხეც მოურთავთ, ბუხარში ცეცხლი გიზგიზებს, მოკლედ ყველაფერი საახალწლო გუნებაზეა, მაგრამ მათ სახეებზე სევდაა აღბეჭდილი. სამი შვილი და ხუთი შვილიშვილი ჰყავთ. გუშინდელ დღესავით ახსოვთ მათი დაბადება. პირველი ნაბიჯები, სკოლის პერიოდი, ქორწილი, პირველი შვილიშვილი. რამდენი სიხარულია შვილებთან დაკავშირებული! განუსაზღვრელია მათზე გაწეული ამაგიც. ისინი ვერასოდეს გადაუხდიან ვალს მშობლებს. ახლა სამივენი ქალაქში ცხოვრობენ და სამივეს საკუთარი ოჯახი აქვს. ჰოდა, ვერც ერთმა მოახერხა საახალწლოდ სოფელში, მოხუც მშობლებთან ასვლა.

–იქნებ კიდევ ამოვლენ, ასე ნუ ჯავრობ, კაცო, ჯერ ხომ რვა საათია?! –უთხრა ხელებდაკოჯრილმა მოხუცმა ქალმა ქმარს, თუმცა თავადაც იცოდა, რომ ეს არ მოხდებოდა.

მოხუცმა სიგარეტს მოუკიდა. გული სტკიოდა და ღრმად ჩაფიქრებულიყო. გაახსენდა პირველი შვილი, პირველი ვაჯი. ო, როგორ უხაროდათ მაშინ. იმ დღეს ისე გამოთვრა, რომ საწოლამდე ძლივს მიბარბაცდა. რა დიდ იმედებს ამყარებდა მასზე. ის ახლა, ალბათ, თავის შვილებთან თამაშობს და არც კი ვახსოვართ. –ფიქრობდა მოხუცი. შემდეგ მეორე ვაჟის დაბადებაც გაახსენდა. მისმა გაჩენამ უზომოდ გაახარა ახალგაზრდა მამა. “ორი ვაჟკაცი მყავს, სიბერეში ხელს შემაშველებენო” –ფიქრობდა მაშინ. არც მესამე ვაჯის გაჩენას ჩაუვლია უჩუმრად. მაშინაც იყო თოფის სროლა, უზომო სიხარული და დილამდე ქეიფი…

ბიჭები წამოიზარდნენ და დავაჟკაცდნენ. უფროსებმა ქალაქს მიაშურეს, როცა სწავლა დაამთავრეს და სამუშაო დაიწყეს, მამამ ბინები უყიდა და მანქანაც, თითოეულს. მალე დაოჯახდნენ. უზარმაზარი ქორწილი გადაიხადეს. მთელი სოფელი ქეიფობდა. ერთი წლის შემდეგ უმცროსიც წავიდა სასწავლებლად. ის მალე შეეგუა ქალაქს, იქაური ცხოვრება ანდამატივით იზიდავდა. ისიც გაექცა ბარსა და თოხს და მალევე დაქორწინდა. ყველას დაავიწყდა, რომ მოხუც მშობლებს წინანდებურად აღარ შეეძლოთ და მათ დახმარება სჭირდებოდათ. ხანდახან შაბათ–კვირას ან ზაფხულის არდადეგებზე თუ ესტუმრებოდნენ, მაშინ მოხუცის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, სიხარულის ცრემლები მოსდიოდათ და შვილიშვილებს თავს ევლებოდნენ.

მოხუცმა ამოიოხრა და სიგარეტის ნამწვი ცეცხლში ჩააგდო.

–კარგი, გეყოფა, ნუ ნერვიულობ, დღეს თუ არა ხვალ მაინც ამოვლენ,–უთხრა ცოლმა და წითელი ღვინო მაგიდაზე დადგა.

–ამოვლენ, აბა რას იზამენ, ბოლოსდაბოლოს მშობლები ვართ.–თქვა მოხუცმა და დაამატა–გავალ გარეთ, შეშას მოვიტან.

მოხუცი მალე დაბრუნდა, შეშა იქვე ბუხრის გვერდით დაყარა, სადაც ჩვეულებრივად აწყობდნენ ხოლმე. ამ დროს კედლის საათმა თერთმეტი ჩამოჰკრა. მოხუცმა კიდევ ერთხელ ამოიოხრა.

–რად გინდა ახლა ეგ?–ჰკითხა მან თავის ცოლს, რომელმაც საოჯახო ალბომი გამოიტანა დასათვალიერებლად.

–ვნახავ შვილებს, თუ არ ამოვლენ, ფოტოებში მაინც ვნახავ,–გაუჯავდა ცოლი.

მოხუცი ადგა და ცოლს გვერდით მიუჯდა. მასაც მოუნდა ალბომის დათვალიერება, წარსული ენატრებოდა. ათვალიერებდნენ ფოტოსურათებს, რომლებიც სიხარულსა და ცრემლებს ჰგვრიდათ. აი, მათი ქორწინების სურათები, გუშინდელივით ახსოვს ის დღე, მაშინ ეგონათ არასოდეს დაბერდებოდნენ, მაგრამ ახალგაზრდობა თვალსა და ხელს შუა გაქრა. შერჩათ მხოლოდ მოგონებები წარსულზე, ახალგაზრდობაზე, მაგრამ იყო ერთი რამ, რაც მათ ანუგეშებდა და სიცოცხლის აზრს უბრუნებდა–მათი შთამომავლები, რომლებიც ასე ძალიან უყვარდათ. მოხუცები სიამაყით ათვალიერებდნენ ფოტოსურათებს, შვილებს ხომ ერთხელაც არ შეურცხვენიათ ისინი, არც არასოდეს უნანიათ, რომ ისინი გააჩინეს, დაზარდეს, დააფრთიანეს…

თორმეტი შესრულდა. გაისმა თოფების ხმა. მთელი სოფელი ზეიმობდა ახალ წელს. მოხუცებმაც ერთმანეთს მიულოცეს, გადაეხვივნენ და ახალი წლის სადღეგრძელო დალიეს. შემდეგ დასხდნენ დაგანაგრძეს სურათების თვალიერება.

ხვალ ამოვლენ,–ინუგეშებდნენ თავს მოხუცები და იმედს არ ჰკარგავდნენ. გარეთ კი ისევ თოვდა და თოვდა…

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s